ჯემალ ჭკუასელი 1935 წლის 18 მაისს გურიაში,სოფელ წითელმთაში, (შემოქმედის თემი) ცნობილი ლოტბარისა და მომღერლის დიდი შერმანდი ჭკუასელის ოჯახში დაიბადა.
ჯემალ ჭკუასელი 1935 წლის 18 მაისს გურიაში,სოფელ წითელმთაში, (შემოქმედის თემი) ცნობილი ლოტბარისა და მომღერლის დიდი შერმანდი ჭკუასელის ოჯახში დაიბადა. მისი ბავშვობის წლებმა მშობლიური სოფლის წარუშლელ სილამაზეში, ქართული სიმღერის უსაზღვრო სიყვარულში, მშობლებისა და კუთხე-მეზობლების სიყვარულში ჩაიარა. 1955 წლიდან ჯემალ ჭკუასელი თბილისში გადმოდის საცხოვრებლად. იმ დროს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში არსებობდა გამორჩეულად კარგი ანსამბლი, რომელსაც ლოტბარი გოგი გუგუშვილი ხელმძღვანელობდა. ანსამბლის სიყვარულით მოხიბლულმა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი და ჯემალი 1962 წელს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტად ჩაირიცხა. შემდეგ კი, ინსტიტუტში ჩამოყალიბებულმა მოყვარულ მსახიობთა დასმა გაიტაცა. პირველად „მაია წყნეთელში“ ითამაშა. მერე მისმა „ბეჟანამ“ ნამდვილი სენსაცია გამოიწვია თეატრალურ საზოგადოებაში, ურჩევდნენ კიდეც ამ გზას გაჰყოლოდა, მაგრამ გენი მაინც გენია... ისევ საყვარელ ანსამბლს მიაშურა. 1976 წელს საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში (დღევანდელი „ერისიონი“) კონკურსი გამოცხადდა. ჯემალმა მისი მეგობრების: ჯანსუღ კახიძის, ჯანო გიორგაძის, მიშიკო შენგელიას, გურამ საღარაძის, დათო ბერძენიშვილის, ზაურ ბოლქვაძის და სხვების დაჟინებული თხოვნით მიიღო მონაწილეობა. მათთან დიდ ლოტბარს არამარტო მეგობრობა, არამედ საინტერესო შემოქმედებითი გზაც აკავშირებდა. ეს იყო ჯემალ ჭკუასელის ცხოვრებაში ნამდვილად სწორად გადადგმული ნაბიჯი, რომელმაც შემდგომში მას და ანსამბლს უდიდესი წარმატება და აღიარება მოუტანა. იგი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ეს მისი მეგობრების დიდი დამსახურება იყო.
მერე იყო ქუთაისი...1979 წელს ჯემალ ჭკუასელი მის მიერ დაარსებული, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. 7 წლის დაუზოგავი შრომით მან მოახერხა, რომ ანსამბლი მაღალ შემოქმედებით დონეზე აეყვანა.
სწორედ ქუთაისში გამოავლინა ბატონმა ჯემალმა უდიდესი პროფესიონალიზმი და საქმის მიმართ ერთგულება. პირველი კონცერტი 1982 წლის 4 მარტს, ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გაიმართა.
მთელმა ქუთაისმა იზეიმა იმ დღეს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დაბადება. ანსამბლმა დედაქალაქში სტუმრობაც არ დააყოვნა და 10 მარტს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტმა უდიდესი წარმატებით ჩაიარა.
✓ 1986 წელს კი იმდროინდელი კულტურის მინისტრის - ვალერი ასათიანის ბრძანებით ჯემალ ჭკუასელი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. 1990 წლის 31 მაისს დიდ ანსამბლს აკადემიურის წოდება მიენიჭა. ანსამბლში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ქართული ფოლკლორის გამოჩენილი და ღვაწლმოსილი პროფესიონალები. მიუხედავად ამისა, არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ ჯემალ ჭკუასელისა და რევაზ ჭოხონელიძის ტანდემით დაიწყო „ერისიონის“ ოქროს ხანა. 1999 წელს ლევან ღვინჯილიას რჩევით ანსამბლს „ერისიონი“ეწოდა, რომელიც სულხან-საბას განმარტებით, „ცისიერს, მთის თავს ზეითს“ ნიშნავს.უცხოელი პარტნიორებისა და ინვესტორების დახმარებით გახდა შესაძლებელი ახალი სულის შთაბერვა და მსოფლიო სახელის მოხვეჭა. 1999-2007 წლებში განხორციელდა საქვეყნოდ ცნობილი შოუ-პროგრამები: „ქართული ლეგენდა“ და „ქართული ქარიშხალი“, რომლებიც ამერიკელი პროდიუსერის, ჯიმ ლოოს სახელთანაა დაკავშირებული.
ბატონი ჯემალ ჭკუასელის ხელმძღვანელობის პერიოდში,გასული საუკუნის 80-იან წლებში ანსმაბლის მიერ ჩაწერილი იქნა, მრავალი ქართული ხალხური სიმღერა,რომელთა უმრავლესობაც შეტანილია არსებულ ალბომში.
მისი სიტყვებია: „“ერისიონი“ ქართული ფოლკლორის მუზეუმია, ეს ის ანსამბლია, რომელიც ფრთებს შეასხამს ჩემს პროექტს“. ამ პროექტებით „ერისიონმა“ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მოიარა და უდიდეს წარმატებას მიაღწია. უცხოური პრესა ანსმაბლის შესახებ წერდა: „ტორნადომ გაანგრია გალაქტიკა“ - წერდა „ერისიონის“ შოუ-პროგრამაზე გაზეთი „გალაქსი“ - (23 იანვარი, 2002წ. პარიზი) „რისი დამსახურებაა ტრიუმფი... უძველესის შერწყმა თანამედროვე ტექნიკასთან, რაც ხაზს უსვამს უძველეს საუკუნოვან ტრადიციებს“ - „ფრან სუარი“ (17.07.2004 წ. პარიზი) „ეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ფოლკლორი. ეს უმაღლესი სრულყოფილებაა“ - (კიოლნერ შტატ-ანზეიგერ + კიოლნიშე რუნდშაუ, 20.06.2007წ) „ქართველი მომღერლები და მოცეკვავეები აღგვაფრთოვანებენ თავიანთი შემოქმედებით“ – (ლოს-ანჯელეს ტაიმსი, 26.01.2000წ. აშშ) და ა.შ. თავად ჯემალ ჭკუასელი კი ამბობს: „გალაღებული ცხოვრება არასდროს მქონია, მაგრამ მე ვარ კაცი, რომელსაც გათენება მიხარია, ვინაიდან ყოველდღე დიდებული სანახაობით ვტკბები“.
საქართველოს სახალხო არტისტი
1. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
2. რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი
3. სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
4. ღირსების ორდენის კავალერი
5. პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენის კავალერი
6. ხელოვნების ქურუმი
7. ვარსკვლავოსანი
8. ღვაწლმოსილი ლოტბარი
9. ხელოვანთა ოქროს ფონდის კულტურის რაინდის წოდება
10. თბილისის საპატიო მოქალაქე
11. უნივერსიტეტის (სდასუ) საპატიო დოქტორის წოდება
12. დიდუბის საპატიო მოქალაქე
13. ოზურგეთის საპატიო მოქალაქე
14. შემოქმედის საპატიო მოქალაქე
15. ეამაყება თბილისს
16. ჯემალ ჭკუასელს და ანსამბლ „ერისიონს“ მიენიჭა – ქართული ფოლკლორის, ქართული საგანძურის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის – შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო.
აღსანიშნავია, რომ ბატონი ჯემალ ჭკუასელის ხელმძღვანელობის პერიოდში, გასული საუკუნის 80-იან წლებში ანსმაბლის მიერ ჩაწერილი იქნა, მრავალი ქართული ხალხური სიმღერის აუდიო ჩანაწერი, რომელთა უმრავლესობაც შეტანილია არსებულ ალბომში.