ᲔᲠᲘᲡᲘᲝᲜᲘ

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი.
svg-style-line

საქართველო ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანაა მსოფლიოში. საუკუნეების მანძილზე არბევდნენ საქართველოს უცხოელი დამპყრობლები, მაგრამ ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა თავისი ენა, დამწერლობა, სარწმუნოება, თვითმყოფადი მუსიკალური ფოლკლორი, რომელშიც ყველაზე მძლავრად აისახა ერის სულიერი ცხოვრება. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “ერისიონი”, რომელიც 1885 წელს შეიქმნა. ანსამბლმა მესამე საუკუნეში შეაბიჯა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა როგორც ჩვენში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ. მას ანსამბლ-მუზეუმსაც კი უწოდებენ. ანსამბლი ქართული კულტურის იმ კერად იქცა, რომელიც თავად საზრდოობს ხალხური ფესვებიდან და გულუხვად ასაჩუქრებს ადამიანებს თავისი ხელოვნებით.

Eka&Shermandi
svg-style-line

ანსამბლმა თავისი არსებობის განმავლობაში განაცვიფრა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და ქალაქი. თავისი შოუ-პროგრამით ”ერისიონი” ორი საათის განმავლობაში წარმოაჩენს პლანეტაზე უანალოგო ქართულ ხალხურ სიმღერასა და ცეკვას, საქართველოს ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი კოსტიუმებით, ქართული ხასიათითა და ეთნოგრაფიული ბუნებით. საამაყოა, რომ ქართული სიმღერითა და ცეკვით შთაგონებული „ერისიონის“ შოუ-პროგრამები არა მარტო უძლებენ დროის მოთხოვნებს, არამედ უსწრებენ კიდეც მათ თვითმყოფადობითა და შეუდარებელი პოლიფონიური აზროვნებით. 1986 წლიდან 2015 წლამდე ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ ბატონი ჯემალ ჭკუასელი, მთავარი ქორეოგრაფი ბატონი რევაზ ჭოხონელიძე. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ ჯემალ ჭკუასელისა და რევაზ ჭოხონელიძის ტანდემით დაიწყო „ერისიონის“ ოქროს ხანა. სწორედ ამ წლებში დაერქვა ანსამბლს „ერისიონი“. (რაც სულხან-საბას განმარტებით, ცისიერს, მთის თავს ზეითს ნიშნავს).1999-2007 წლებში განხორციელდა საქვეყნოდ ცნობილი საერთაშორისო შოუ-პროგრამები: „ლეგენდა თამარზე”, “ქართული ლეგენდა” და “ქართული ქარიშხალი”, ამ პროექტებით “ერისიონმა” მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მოიარა და უდიდეს წარმატებას მიაღწია.

svg-style-line

Eka&Shermandi
როსტომ საგინაშვილის და ილია ზაქაიძის სახელები ფოლკლორულმა სამყარომ მაშინ გაიცნო, როცა მათ მიერ შესრულებული ჩაკრულო ალან ლომაქსმა ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიასა და ჩიტების ჭიკჭიკთან ერთად, კოსმოსში გაგზავნა როგორც ცივილიზაციის ბრწყინვალე ნიმუში. როსტომ საგინაშვილი ქართლ-კახური სიმღერების უბადლო შემსრულებელი და განუმეორებელი წყება იყო. მისი და ილია ზაქაიძის დუეტი დიდხანს ამშვენებდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს, რომელსაც სათავეში დიდებული ანზორ კავსაძე ედგა. სწორედ ამ დიდმა ხელოვანმა აღმოაჩინა გურჯაანის გუნდში როსტომი და სახელმწიფო ანსამბლში წამოიყვანა, სწორედ ის და ილია ზაქაიძე ასრულებდნენ კოსმოსში გაგზავნილ ,,ჩაკრულოს" ანზორ კავსაძისეულ ვარიანტს. ამიერიდან ილია ზაქაიძე და როსტომ საგინაშვილი, თავისი დიდებული ხმითა და ჩაკრულოთი ზეციურ საქართველოს შეუერთდა.

svg-style-line

☄ 1977 წლის 5 სექტემბერს აშშ-დან NASA-ს მიერ გაგზავნილ საპლანეტათშრისო სადგურებზე „ვოიაჯერ1-სა“ და „ვოიაჯერ2-ზე“ განთავსებულ ორ იდენტურ გრამაფირფიტაზე ჩაწერილ პროგრამაში „დედამიწის ხმები“, რომელიც განკუთვნილია არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენლებისთვის და მიზნად ისახავს წარმოდგენა მისცეს მათ დედამიწისა და კაცობრიობის შესახებ, სხვა ინფორმაციასთან ერთად, (წყლის ხმაური, ბავშვის ტირილი, მისალმება 60 ენაზე და სხვა.) 27 მუსიკალური ნაწარმოებიდან ერთ-ერთი იყო ქართული ხალხური გმირულ-ჰეროიკული სიმღერა ჩაკრულო(♫), რომელსაც ასრულებდა ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის (დღევანდელი „ერისონი“) სოლისტები: საქართველოს სახალხო არტისტი ილია ზაქაიძე და საქართველოს დამსახურებული არტისტი როსტომ საგინაშვილი.

✓ 140 წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლს ქართველმა ხალხმა დამსახურებული ღვაწლისთვის 2010 წელს საქართველოში ვარსკვლავი გაუხსნა. 2015 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია შერმანდი ჭკუასელი. მთავარი ქორეოგრაფი კი ეკა ჭკუასელი. 2023 წლიდან ანსამბლის ლოტბარია თორნიკე კანდელაკი. მათ მიერ შექმნილი ახალი საკონცერტო შოუ-პროგრამებით ანსამბლი დღემდე წარმატებით მოგზაურობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ქართველ და უცხოელ მაყურებელთა შეფასებით, ახალი პროგრამა წარმატებული აღმოჩნდა, ის საუკეთესოა „ერისიონის“ შოუ-პროგრამებს შორის. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის, შერმანდი ჭკუასელისა და მთავარი ქორეოგრაფის, ეკა ჭკუასელის დამსახურებით შოუ წარმოადგენს წინ გადადგმულ დიდ ნაბიჯს, როგორც უფრო დინამიური და მრავალფეროვანი სპექტაკლი, რომელიც ხატოვნად და საოცარი ეთნოგრაფიული სიზუსტით წარმოაჩენს საქართველოს უძველეს ისტორიას. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში „ერისიონი“ შოუ, სახელწოდებით - „ქართული საგანძური“ წარმატებით მოგზაურობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 75 მსახიობი სცენაზე სიმღერითა და ცეკვით ნათლად და მკაფიოდ გადმოსცემს იმ ქართულ ტრადიციებსა და ღირებულებებს, რომლითაც ჩვენ ასე ვამაყობთ.

Eka&Shermandi
Back to top
HIDE